ბანკების მომგებიანობის ცვლილება 2012-2017 წლებში

საბანკო სისტემა 25-04-2018 2336
ბანკების მოგებას რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის მნიშვნელოვანი ფაქტორებია საპროცენტო სპრედი, სასესხო პორტფელის ზრდა, ახალი პროდუქტე...

ბანკების მოგებას რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის მნიშვნელოვანი ფაქტორებია საპროცენტო სპრედი, სასესხო პორტფელის ზრდა, ახალი პროდუქტების დანერგვა და არასაპროცენტო შემოსავლები, ეფექტიანობის ზრდა და აქტივების ხარისხი. შესაბამისად ამ ფაქტორების ცვლილება გავლენას ახდენს ბანკის მომგებიანობაზე ზრდის/შემცირების მიმართულებით. ქვემოთ მოცემულია თითოეული ამ კომპონენტის დეტალური აღწერა: 


საპროცენტო სპრედი: ბანკის შემოსავლების/ხარჯების მნიშნველოვან ნაწილს შეადგენს საპროცენტო შემოსავლები/ხარჯები. შესაბამისად, თუ სხვაობა (სპრედი) სესხებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის იზრდება ეს დადებით გავლენას ახდენს ბანკის მოგებაზე და პირიქით. საბანკო სექტორში კონკურენციის ზრდასთან და ეკონომიკის განვითარებასთან ერთად ეს საპროცენტო სპრედი მცირდება, რასაც საბანკო სექტორის მომგებიანობაზე ნეგატიური ეფექტი აქვს. 


პორტფელის ზრდა: სასესხო პორტფელის ზრდა ასევე მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ბანკების მოგებას, პორტფელის ზრდის შედეგად იზრდება იმ აქტივების (სესხების) მოცულობა რომელიც ბანკისათვის საპროცენტო შემოსავლის წყაროა. ეკონომიკის და სესხების პენეტრაციის ზრდასთან ერთად (იხ. დაკრედიტება) იზრდება დაკრედიტების მოცულობა, რაც საბანკო სექტორის მომგებიანობისთვის ხელშემწყობი ფაქტორია. 


ახალი პროდუქტები და არასაპროცენტო შემოსავლები: გარდა სესხებისა, ბანკი მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის მომსახურებას, რომელიც წარმოადგენს არასაპროცენტო შემოსავლების წყაროს. ბანკი ასეთი ტიპი შემოსავალს აგენერირებს საბარათე ოპერაციებიდან, ვალუტის გადაცვლის ოპერაციებიდან და სხვადასხვა ფინანსური მომსახურებიდან. მოსახლეობის ფინანსური განათლების ზრდასთან ერთად იზრდება საბანკო პროდუქტების მოხმარება, მეტი ტრანზაქცია ხორციელდება საბანკო ბარათებით, ამასთან ერთი კლიენტი საშუალოდ უფრო მეტ ფინანსურ პროდუქტს მოიხმარს, რაც შესაბამისად ზრდის ბანკების ახალი პროდუქტების გაყიდვიდან და არასაპროცენტო შემოსავლებიდან მიღებულ მოგებას. 


ეფექტიანობის ზრდა: ბანკის ხარჯების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს ისეთი ხარჯები, როგორებიცაა თანამშრომლების ხელფასები, მარკეტინგის და სხვა ადმინისტრაციული დანახარჯები, ფილიალების მოვლა/შენახვის დანახარჯები და ა.შ. ამ ტიპის ხარჯების ეფექტურად განკარგვა წარმოადგენს ბანკის მოგების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს. ეფექტიანობის ზრდას ხელს უწყობს საბანკო სექტორის კონსოლიდაცია (იხ. სტატია საბანკო სექტორის შესახებ) და ტექნოლოგიური პროდუქტების დანერგვა. ამ გზით საბანკო სექტორი ახერხებს მასშტაბის ეკონომიის მიღწევას, რაც სხვა სიტყვებით ნიშნავს რომ ერთი დამატებითი პროდუქტის გაცემა უფრო ნაკლები დანახარჯებით არის შესაძლებელი. 


აქტივების ხარისხი: აქტივების ხარისხი ასევე მოქმედებს საბანკო სექტორის მოგებაზე, თუ მკვეთრად უარესდება სასესხო პორტფელის ხარისხი ამ შემთხვევაში ბანკს უწევს შექმნას დამატებითი რეზერვები, რაც ბანკისათვის ხარჯს წარმოადგენს. აქტივების ხარისხის გაუმჯობესება კი პირიქით, დადებით გავლენას ახდენს საბანკო სექტორის მომგებიანობაზე. აქტივების ხარისხზე გავლენა აქვს როგორც ბანკის შიგნით რისკების მართვის გაუმჯობესებას, ასევე ზოგად მაკროეკონომიკურ გარემოს. 


გრაფიკზე ნაჩვენებია საბანკო სექტორის მოგების ცვლილება (1000 ლარებში) 2012-დან 2017 წლამდე. ამასთან ნაჩვენებია, თუ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან რომელს რა გავლენა ჰქონდა საბანკო სექტორის მოგებაზე მოცემულ პერიოდში.

როგორც გრაფიკზეა ნაჩვენები, საბანკო სექტორის მოგება 2012 წელს 134 მლნ ლარიდან გაიზარდა 2017 წელს 870 მლნ ლარამდე, ანუ ჯამურად 736 მლნ ლარით გაიზარდა. 


მოცემულ პერიოდში შემცირდა საპროცენტო სპრედი რამაც საბანკო სექტორის მოგებაზე ნეგატიურ გავლენა მოახდინა (-378 მლნ ლარი). ამ პერიოდის განმავლობაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შემცრიდა 18.6%-დან 12.6%-მდე (იხ. სტატია საპროცენტო განაკვეთებზე), ხოლო დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები 8.4%-დან 4.0%-მდე. შესაბამისად, საპროცენტო სპრედი 1.6 პროცენტული პუნქტით, რასაც საბანკო სექტორის მომგებიანობაზე ნეგატიური ეფექტი ჰქონდა. 


მეორეს მხრივ, ამ პერიოდის განმავლობაში მოგებაზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა მოახდინა ეფექტიანობის გაუმჯობესებამ, აქტივების ხარისხმა, ახალი პროდუქტების, არასაპროცენტო შემოსავლების ზრდამ და საბანკო პორტფელის ზრდამ. 


2012 დან 2017 წლამდე ეფექტიანობის ზრდის შედეგად საბანკო სექტორის მოგება გაიზარდა დაახლ. 120 მლნ ლარით. ეფექტიანობის გაუმჯობესების ძირითადი მამოძრავებელი ძალას ბანკებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და საბანკოს სექტორის კონსოლიდაცია წარმოადგენდა. ამ ფაქტორებმა ბანკებს ხარჯების უფრო ეფექტიანი მართვის საშუალება მისცა. მნიშვნელოვნად გაიზარდა დისტანციური მომსახურების წილი საბანკო მომსახურებაში, რამაც შეამცირა დამატებითი თანამშრომლების დაქირავების და ფილიალების გახსნის საჭიროება. ხარჯების უფრო ეფექტიანი მართვა ასევე აისახა სესხებზე საპროცენტო განაკვეთებში (იხ. საპროცენტო განაკვეთების ცვლილება). 


2012-2017 წლებში საკრედიტო პორტფელი გაიზარდა 8.5 მლნ ლარიდან 21.9 მლნ ლარამდე (იხ. დაკრედიტება).   სასესხო პორტფელის ზრდამ ამ პერიოდში საბანკო სექტორის მოგების დაახლ. 526 მლნ ლარით ზრდა გამოიწვია. 
ახალი პროდუქტების დანერგვამ და არასაპროცენტო შემოსავლების ზრდამ მოგება 393 მლნ ლარით გაზარდა. ბანკების არასაპროცენტო შემოსავლები 2012 წლისათვის 374 მლნ ლარს შეადგენდა (აქტივების 2,8%) ხოლო 2017 წლისათვის 767 მლნ ლარს (აქტივების 2,5%).


ამ პერიოდში მოგებაზე დადებითად მოქმედებდა აქტივების ხარისხის გაუმჯობესება. 2012 წლისათვის სესხებზე დარეზერვების ხარჯი შეადგენდა 326 მლნ ლარს, ხოლო იგივე მაჩვენებელი 274 მლნ ლარი იყო (2012 წელთან შედარებით 52 მლნ ლარით ნაკლები). სესხების პორტფელის ზრდის ტემპის გათვალისწინებით, ჯამურად აქტივების ხარისხის გაუმჯობესების გამო საბანკო სექტორის მოგება 132 მლნ ლარით გაიზარდა. 

საბანკო სექტორი

საბანკო სისტემა 23-04-2018 707
აქტივები საქართველოს საბანკო სექტორი 2017 წლის ბოლოს მდგომარეობით  შედგება 16 ბანკისაგან. საბანკო სექტორის ჯამური აქტივები შეადგენს 34.6 მილიარდ...

აქტივები


საქართველოს საბანკო სექტორი 2017 წლის ბოლოს მდგომარეობით  შედგება 16 ბანკისაგან. საბანკო სექტორის ჯამური აქტივები შეადგენს 34.6 მილიარდ ლარს, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 91%-ს შეადგენს. 2012 წელთან შედარებით საბანკო სექტორის აქტივები 1.4-ჯერ გაიზარდა, ამავე პერიოდში აქტივების საშუალო წლიურმა ზრდამ 19% შეადგინა.  

საქართველოს საბანკო სექტორი ღიაა კონკურენციისათვის, რეგიონის ქვეყნების ბანკების უმეტესობას გაჩნია წარმომადგენლობა საქართველოში და ასევე დაბალია ახალი მოთამაშეებისათვის ბაზარზე შესვლის ბარიერები. ამასთან, საბანკო სექტორი გახსნილია უცხოური ინვესტიციებისათვის და აქტიურად იზიდავს უცხოურ კაპიტალს. 2017 წლის მდგომარეობით აქტიური 16 ბანკიდან 13 ბანკი არის 50%-ზე მეტი უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 


მსხვილი ბანკები სთავაზობენ ფინანსური პროდუქტების ფართო სპექტრს როგორც საცალო ასევე ბიზნეს კლიენტებისათვის. ამასთან, ზოგიერთი შედარებით მცირე ზომის ბანკი კონცენტრირებულია კონკრეტულ სეგმენტზე და ამ სეგმენტში შესაძლოა ბაზრის ერთ ერთ ლიდერსაც წარმოადგენდეს. მაგალითისათვის, პროკრედიტ ბანკი კონცენტრირებულია მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის დაკრედიტებაზე და ამ სეგმენტის ერთ ერთ ლიდერს წარმოადგენს. 


არსებული 16 ბანკიდან 2 ბანკის აქციები ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე პრემიუმ სეგმენტში, ორივე ბანკი მოხვედრილია FTSE 250 ინდექსში, რაც უზრუნველყოფს ამ ბანკების აქციების მაღალ ლიკვიდურობას, შესაბამისად იზრდება ინვესტორთა ინტერესი აქციების მიმართ და მცირდება კაპიტალის ხარჯი, რომელიც საპროცენტო განაკვეთებზე პოზიტიურად აისახება (იხ. საპროცენტო განაკვეთების კომპოზიცია). 


იმისათვის, რომ კომპანია მოხვდეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე პრემიუმ სეგმენტში, აუცილებელია რომ იგი აკმაყოფილებდეს უმაღლეს მოთხოვნებს გამჭვირვალობასა და კორპორატიულ მართვასთან დაკავშირებით. შესაბამისად ამ ბირჟის მონაწილე ქართული ბანკები ვალდებულები არიან განახორციელონ საჯარო რეგულარული  ანგარიშგება რომელიც უნდა მოიცავს ბანკის საქმიანობის შესახებ ყველა მნიშვნელოვანი ტიპის ინფორმაციას, რაც აუცილებელია ინვესტორებისათვის გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთან, კორპორატიული მართვის სტანდარტები უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალე და გამართულ პროცესს, შიდა კონტროლის მიქანიზმების დანერგვას. 


კონცენტრაცია და კონკურენცია საბანკო სექტორში


აქტივების ზომის მიხედვით საქართველოში ბანკების პირველ სამეულს წარმოადგენს თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი და ლიბერთი ბანკი, ამ ბანკების აქტივები შესაბამისად შეადგენს 12.6, 11.9 და 1.8 მილიარდ ლარს. საბანკო სექტორის ზრდასთან ერთად მიმდინარეობს საბანკო სექტორის კონსოლიდაციის პროცესი, 2012 წელს საქართველოში 19 აქტიური ბანკი იყო ხოლო დღეისათვის ეს მაჩვენებელი 16-მდეა შემცირებული. 
ანალიზი აჩვენებს, რომ კონსოლიდაცია და კონცენტრაცია ხშირად გვხვდება  მცირე ზომის ეკონომიკებში. საბანკო სექტორის კონცენტრაციის შესაფასებლად ფართოდ გამოყენებადი ინდიკატორია ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI). აღნიშნული ინდექსის მიხედვით საქართველოში კონცენტრაცია ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროპის ქვეყნებს შორის. თუმცა ამ მაჩვენებლით მაღალი კონცენტრაცია აქვთ ისეთ ქვეყნებსაც როგორიც არის ჰოლანდია და ესტონეთი.  



საბანკო სექტორის კონცენტრაციას აქვს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები. საქართველოს მსგავს ქვეყნებში მაღალი კონცენტრაცია შესაძლებლობას აძლევს ბანკებს მიაღწიონ მაშტაბის ეკონომიას, რაც საბოლოო ჯამში, დადებით ზეგავლენას ახდენს საპროცენტო განაკვეთებზე და შეთავაზებული პროდუქტებისა თუ მომსახურეობის ხარისხზე. 


აღსანიშნავია, რომ მაღალი კონცენტრაცია ავტომატურად არ ნიშნავს კონკურენციის დაბალ დონეს. კონკურენციის გასაზომად ასევე მიღებული მაჩვენებელია „ბუნის“ ინდექსი (Boone indicator). ბუნის ინდექსი ზომავს საბანკო სექტორის მოგების ელასტიურობას საბანკო სექტორის ხარჯების მიმართ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ბუნის“ ინდექსი გვიჩვენებს ბანკების უნარს თუ რამდენად შეუძლიათ გაზრდილი ხარჯების გადატანა საბოლოო მომხმარებელზე. ინდექსის მაღალი მაჩვენებელი ნიშნავს დაბალ კონკურენციას და შესაბამისად ბანკების მაღალ უნარს რომ ხარჯების ზრდა გადაიტანონ მომხმარებელზე და საკუთარი მოგების მარჟა არ შეამცირონ. საქართველოში ბუნის ინდექსი მიუთითებს საკმაოდ მაღალ კონკურენციაზე საბანკო სექტორში, საქართველო ამ მაჩვენებლით უსწრებს თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანას. 


საბანკო სექტორის რეგულირება



საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს საბანკო სექტორის ზედამხედველობას, რაც ეკონომიკის გრძელვადიანი და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის წინაპირობაა.  ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობის ფუნქციაში ასევე მოიაზრება ფინანსური სექტორის განვითარება და გაღრმავება. 
საქართველოს ეროვნული ბანკი საზედამხედველო პოლიტიკას ბაზელ III-ის სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს, რაც საქართველოს ამ კუთხით მოწინავე ქვეყნების რიგში აყენებს. 
ეს სტანდარტი ითვალისწინებს ბანკებისათვის კაპიტალის მოთხოვნების გაზრდას, რაც ეკონომიკური შოკის შემთხვევაში საბანკო სექტორის მდგარდობას ზრდის. ამასთან, 2018 წლიდან ეროვნულმა ბანკმა დააწესა დამატებითი კაპიტალის მოთხოვნები სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკებისათვის („თიბისი ბანკი“, „საქართველოს ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“). კაპიტალის მოთხოვნის ახალი რეგულაცია ასევე გულისხმობს ბანკებისათვის „კონტრციკლური კაპიტალის ბუფერის“ შემოღებას, რომელიც შეიცვლება ეკონომიკური ციკლის შესაბამისად. მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში ბანკებს გაეზრდებათ კაპიტალის მოთხოვნა ხოლო დაბალი ზრდის პირობებში შეუმცირდებათ, რაც გამოიწვევს ეკონომიკური ზრდის მერყეობის შემცირებას.

2017 წლიდან საკანონმდებლო დონეზე შეიზღუდა ბანკების მიერ არაპროფილურ აქტივებში ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობა და სავალდებულო გახდა ბანკებიდან არასაფინანსო საქმიანობის გამოყოფა. მსგავსი რეგულაცია ხელს უწყობს კიდევ უფრო მკვეთრი ხაზი იქნას გავლებული საფინანსო და არასაფინანსო სექტორს შორის და არ მოხდეს საფინანსო ინსტიტუტების მიერ კონკურენციის შეზღდუვა ეკონომიკის სხვა სექტორებში. 


სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს საბანკო სექტორი კაპიტალის მაღალი დონით გამოირჩევა. 2017 წლის ბოლოსთვის ეს კაპიტალის და რეზერვების აქტივებთან თანაფარდობის მაჩვენებელი 14.51% -ს აღწევს.


 

ბანკები ასევე ვალდებულები არიან უზრუნველყონ მომხმარებლის შესაბამისი ინფორმირება სხვადასხვა პროდუქტებთან დაკავშირებით.  კომერციული ბანკი ვალდებულია მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევისას მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია სასესხო თუ სადეპოზიტო პროდუქტზე, ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე, პირგასამტეხლოზე და ა.შ. ამასთან, საქართველოს ეროვნულ ბანკში მოქმედებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფს ბანკთან ურთიერთობაში მომხმარებელთა უფლებების დაცვას. 



1შიდა ანალიზი ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით

ჩვენ შესახებ
[email protected]
გაწევრიანდი