საპროცენტო განაკვეთების კომპოზიცია

საპროცენტო განაკვეთები 21-04-2018 12378

საპროცენტო განაკვეთის ფორმირებისას გაითვალისწინება რამდენიმე კომპონენტი, შესაბამისად ამ კომპონენტების ცვლილებიდან გამომდინარე იცვლება საპროცენტო განაკვეთებიც. სესხზე საპროცენტო განაკვეთის შემადგენელი ძირითადი კომპონენტებია:

  1. ფონდირების ხარჯი:  იმისათვის რომ მოხდეს სესხის გაცემა, საჭიროა პირველ რიგში ბანკმა ფულადი რესურსი მოიზიდოს დეპოზიტის ან სესხის სახით რაც საპროცენტო ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამასთან, იმისათვის რომ დეპოზიტარებისათვის თანხების დაბრუნებას საფრთხე არ შეექმნას, ბანკს ყოველთვის უნდა ეჭიროს გარკვეული რაოდენობის ლიკვიდური სახსრები, რაც ასევე ბანკისათვის ხარჯს წარმოადგენს. 
  2. კაპიტალის ხარჯი:  საბანკო საქმიანობის განსახორციელებლად ბანკმა უნდა დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული მოთხოვნები კაპიტალის მინიმალურ ოდენობასთან დაკავშირებით. ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად აუცილებელია ინვესტორებისაგან კაპიტალის მოზიდვა, რაც ასევე ხარჯებთანაა დაკავშირებული რადგანაც ინვესტორები ამ რისკის სანაცვლოდ შესაბამის უკუგებას ითხოვენ. ქართული ბანკებისათვის კაპიტალის ხარჯი 15-20%-ის ფარგლებშია.
  3. საოპერაციო ხარჯები:  ისეთი ხარჯები როგორიცაა თანამშრომელთა ხელფასები, კომუნალური ხარჯები და სხვა ბანკის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯები ასევე გაითვალისწინება საპროცენტო განაკვეთში
  4. საკრედიტო რისკის ფასი: საკრედიტო რისკის ფასი წარმოადგენს ბანკის მიერ გაწეულ ხარჯებს ვადაგადაცილებული/უმოქმედო სესხებისათვის რეზერვების შესაქმნელად. შედარებით უფრო რისკიან კლიენტებზე სესხების გაცემის შემთხვევაში ეს რისკი იზრდება და შესაბამისად ზრდის სესხზე საპროცენტო განაკვეთებს. 
  5. საპროცენტო განაკვეთის რისკის ფასი: ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით სესხების გაცემისას, ბანკი საკუთარ თავზე იღებს მომავალში მოზიდულ რესურსებზე პროცენტის ცვლილების ხარჯებს. 

ყველა ზემოთჩამოთვილი პუნქტი წარმოადგენს საბანკო სექტორის ხარჯს და შესაბამისად მონაწილეობს სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ფორმირებაში. 


ქვემოთ მოცემული გრაფიკი გვიჩვენებს 2017 წლის ბოლოსათვის საპროცენტო განაკვეთის შემადგენელ კომპონენტების შეფასებას. როგორც გრაფიკიდან ჩანს, საპროცენტო განაკვეთის ფორმირებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ფონდირების ხარჯმა (4.2 პროცენტული პუნქტი), მოზიდული კაპიტალის ხარჯის წვლილმა სესხის საპროცენტო განაკვეთში 3.0% შეადგინა. ჯამურად მოზიდული სახსრების ხარჯმა (ფონდირების ხარჯი და კაპიტალის ხარჯი) დაახლ. 7.2% შეადგინა. 





საოპერაციო ხარჯების კონტრიბუცია საპროცენტო განაკვეთში 2.6 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა, ამასთან ფიქსირებული აქტივების, საპროცენტო რისკის და საკრედიტო რისკის ფასის კონტრიბუცია დაახლ. 1 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა. 





წყარო: ანალიზი საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყდნობით

წყარო: ანალიზი საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყდნობით


ბანკის მიერ სესხის გაცემისას საჭირო რესურსების მოზიდვა შეიძლება მოხდეს ორი წყაროდან: მოზიდული დეპოზიტები და მიღებული სესხები. საქართველოში დეპოზიტებისა და მოზიდული სესხების ხარჯი (იგივე ფონდირების ხარჯი) 2017 წლის ბოლოსათვის დაახლ. 5.5%-ს შეადგენდა. ამასთან დეპოზიტებით სესხების დაახლოვებით 80% ფინანსდება. სესხების დანარჩენი 20%-ის დაფინანსებას ბანკები საკუთარი კაპიტალით ახდენენ, რომელიც შედარებით უფრო ძვირიანი რესურსია. შედარებისათვის, თუ დეპოზიტების ხარჯი დაახლ. 5.5%-ია, კაპიტალის ხარჯი ქართული ბანკებისათვის 15-20%-ს შეადგენს.  კაპიტალის ხარჯი შეიძლება განხილულ იქნას როგორც ის მინიმალური უკუგება, რაზეც ინვესტორები იქნებიან თანახმა რათა ბანკში მოახდინონ ინვესტირება. 





ბანკების ეფექტურობის ზრდასთან ერთად მოსალოდნელია, რომ შემცირებას განაგრძობს სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემადგენელი კომპონენტები. ეკონომიკის რისკიანობის შემცირების პარალელურად უნდა მოხდეს ფონდირების და კაპიტალის ხარჯის შემცირება, რაც სესხების საპროცენტო განაკვეთებზე დადებითად აისახება. ასევე უნდა გაგრძელდეს შემცირება საკრედიტო რისკის ხარჯების. ამასთან საბანკო სექტორის ზრდა (მათ შორის კონსოლიდაციაც) საშუალებას იძლევა რომ მასშტაბის ეკონომიიის შედეგად შემცირდეს ფიქსირებული აქტივების და საოპერაციო ხარჯების კონტრიბუცია სესხების საპროცენტო განაკვეთებში. 








ჩვენ შესახებ
[email protected]
გაწევრიანდი