საბანკო საპროცენტო განაკვეთები და სესხების ხარისხი

სესხები 06-07-2018 500

ISET-ის კვლევის მიხედვით საქართველოში საბანკო სესხების ხარისხი სტაბილურია და საბანკო საპროცენტო განაკვეთები დაბალია, სახსრების ღირებულების გათვალისწინებით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის არაერთ ქვეყანასთან შედარებითაც კი.

    ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა - „საპროცენტო განაკვეთების შედარება საცალო საკრედიტო პროდუქტებისთვის ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში და სასესხო პორტფელის შედარება საქართველოს საბანკო და არასაბანკო სექტორებში“. ანგარიში მოიცავს 2018 წლის აპრილი-მაისის პერიოდს და  48 მოწინავე ბანკის მონაცემებს ეყრდნობა გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, სამხრეთ კავკასიის, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებიდან. გარდა საპროცენტო განაკვეთების შედარებისა, ანგარიში მოიცავს გაცემული სესხების ხარისხის შედარებას  საქართველოს საბანკო და არასაბანკო სექტორებს შორის.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოში საცალო სექტორში არსებული საპროცენტო განაკვეთები უფრო დაბალია, ვიდრე  ყაზახეთში, რუსეთში, უკრაინასა და, უმეტეს შემთხვევაში, სომხეთში, მაგრამ ისინი აღემატება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფს, განსაკუთრებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხებისთვის. თუმცა, სესხის გაცემისთვის აუცილებელი ფულადი სახსრების მოზიდვის ხარჯებით კორექტირების შემდეგ, საქართველოში საცალო სექტორში არსებული საპროცენტო განაკვეთები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, მათ შორის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით.

   მაგალითად, ადგილობრივ ვალუტაში არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი საქართველოში 16.5%- შეადგენს, რაც უფრო დაბალია ვიდრე საპროცენტო განაკვეთი იმავე პროდუქტზე სომხეთში (29.7%), ყაზახეთსა (24.5%) და რუსეთში (20,6%) და უფრო მაღალია ვიდრე რუმინეთში (11.2%), ჩეხეთსა (10.1%) და პოლონეთში (8.0%). ამასთან, ლარში ვადიანი დეპოზიტის ფასის გათვალისწინებით, საქართველოში საპროცენტო განაკვეთი არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე კვლევაში შესულ ყველა ქვეყანასთან შედარებით უფრო დაბალია. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის, როგორც ლარის ფასის გათვალისწინებით კი, საპროცენტო განაკვეთი საქართველოში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან დიდწილად შესადარია

   ამასთან, რაც შეეხება სესხების ხარისხს საბანკო და არასაბანკო სექტორებში, კვლევაში ჩანს, რომ საბანკო სექტორში სესხების ხარისხი, სესხების რაოდენობის გათვალისწინებითაც კი სტაბილურია, მაშინ როდესაც არასაბანკო სექტორში სესხების ხარისხი ბევრად ჩამორჩება საბანკო სექტორში არსებულ ანალოგიურ მაჩვენებელს და მნიშვნელოვან გაურესებას განიცდის ბოლო ორი წლის განმავლობაში.


ISET-ის სრული კვლევა ქართულ და ინგლისურ ენებზე ხელმისაწვდომია ბმულზე: Iset-pi.ge



ჩვენ შესახებ
[email protected]
გაწევრიანდი