ბანკების მომგებიანობის ცვლილება 2012-2017 წლებში

საბანკო სისტემა 25-04-2018 2337

ბანკების მოგებას რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის მნიშვნელოვანი ფაქტორებია საპროცენტო სპრედი, სასესხო პორტფელის ზრდა, ახალი პროდუქტების დანერგვა და არასაპროცენტო შემოსავლები, ეფექტიანობის ზრდა და აქტივების ხარისხი. შესაბამისად ამ ფაქტორების ცვლილება გავლენას ახდენს ბანკის მომგებიანობაზე ზრდის/შემცირების მიმართულებით. ქვემოთ მოცემულია თითოეული ამ კომპონენტის დეტალური აღწერა: 


საპროცენტო სპრედი: ბანკის შემოსავლების/ხარჯების მნიშნველოვან ნაწილს შეადგენს საპროცენტო შემოსავლები/ხარჯები. შესაბამისად, თუ სხვაობა (სპრედი) სესხებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის იზრდება ეს დადებით გავლენას ახდენს ბანკის მოგებაზე და პირიქით. საბანკო სექტორში კონკურენციის ზრდასთან და ეკონომიკის განვითარებასთან ერთად ეს საპროცენტო სპრედი მცირდება, რასაც საბანკო სექტორის მომგებიანობაზე ნეგატიური ეფექტი აქვს. 


პორტფელის ზრდა: სასესხო პორტფელის ზრდა ასევე მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ბანკების მოგებას, პორტფელის ზრდის შედეგად იზრდება იმ აქტივების (სესხების) მოცულობა რომელიც ბანკისათვის საპროცენტო შემოსავლის წყაროა. ეკონომიკის და სესხების პენეტრაციის ზრდასთან ერთად (იხ. დაკრედიტება) იზრდება დაკრედიტების მოცულობა, რაც საბანკო სექტორის მომგებიანობისთვის ხელშემწყობი ფაქტორია. 


ახალი პროდუქტები და არასაპროცენტო შემოსავლები: გარდა სესხებისა, ბანკი მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის მომსახურებას, რომელიც წარმოადგენს არასაპროცენტო შემოსავლების წყაროს. ბანკი ასეთი ტიპი შემოსავალს აგენერირებს საბარათე ოპერაციებიდან, ვალუტის გადაცვლის ოპერაციებიდან და სხვადასხვა ფინანსური მომსახურებიდან. მოსახლეობის ფინანსური განათლების ზრდასთან ერთად იზრდება საბანკო პროდუქტების მოხმარება, მეტი ტრანზაქცია ხორციელდება საბანკო ბარათებით, ამასთან ერთი კლიენტი საშუალოდ უფრო მეტ ფინანსურ პროდუქტს მოიხმარს, რაც შესაბამისად ზრდის ბანკების ახალი პროდუქტების გაყიდვიდან და არასაპროცენტო შემოსავლებიდან მიღებულ მოგებას. 


ეფექტიანობის ზრდა: ბანკის ხარჯების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს ისეთი ხარჯები, როგორებიცაა თანამშრომლების ხელფასები, მარკეტინგის და სხვა ადმინისტრაციული დანახარჯები, ფილიალების მოვლა/შენახვის დანახარჯები და ა.შ. ამ ტიპის ხარჯების ეფექტურად განკარგვა წარმოადგენს ბანკის მოგების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს. ეფექტიანობის ზრდას ხელს უწყობს საბანკო სექტორის კონსოლიდაცია (იხ. სტატია საბანკო სექტორის შესახებ) და ტექნოლოგიური პროდუქტების დანერგვა. ამ გზით საბანკო სექტორი ახერხებს მასშტაბის ეკონომიის მიღწევას, რაც სხვა სიტყვებით ნიშნავს რომ ერთი დამატებითი პროდუქტის გაცემა უფრო ნაკლები დანახარჯებით არის შესაძლებელი. 


აქტივების ხარისხი: აქტივების ხარისხი ასევე მოქმედებს საბანკო სექტორის მოგებაზე, თუ მკვეთრად უარესდება სასესხო პორტფელის ხარისხი ამ შემთხვევაში ბანკს უწევს შექმნას დამატებითი რეზერვები, რაც ბანკისათვის ხარჯს წარმოადგენს. აქტივების ხარისხის გაუმჯობესება კი პირიქით, დადებით გავლენას ახდენს საბანკო სექტორის მომგებიანობაზე. აქტივების ხარისხზე გავლენა აქვს როგორც ბანკის შიგნით რისკების მართვის გაუმჯობესებას, ასევე ზოგად მაკროეკონომიკურ გარემოს. 


გრაფიკზე ნაჩვენებია საბანკო სექტორის მოგების ცვლილება (1000 ლარებში) 2012-დან 2017 წლამდე. ამასთან ნაჩვენებია, თუ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან რომელს რა გავლენა ჰქონდა საბანკო სექტორის მოგებაზე მოცემულ პერიოდში.

როგორც გრაფიკზეა ნაჩვენები, საბანკო სექტორის მოგება 2012 წელს 134 მლნ ლარიდან გაიზარდა 2017 წელს 870 მლნ ლარამდე, ანუ ჯამურად 736 მლნ ლარით გაიზარდა. 


მოცემულ პერიოდში შემცირდა საპროცენტო სპრედი რამაც საბანკო სექტორის მოგებაზე ნეგატიურ გავლენა მოახდინა (-378 მლნ ლარი). ამ პერიოდის განმავლობაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შემცრიდა 18.6%-დან 12.6%-მდე (იხ. სტატია საპროცენტო განაკვეთებზე), ხოლო დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები 8.4%-დან 4.0%-მდე. შესაბამისად, საპროცენტო სპრედი 1.6 პროცენტული პუნქტით, რასაც საბანკო სექტორის მომგებიანობაზე ნეგატიური ეფექტი ჰქონდა. 


მეორეს მხრივ, ამ პერიოდის განმავლობაში მოგებაზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა მოახდინა ეფექტიანობის გაუმჯობესებამ, აქტივების ხარისხმა, ახალი პროდუქტების, არასაპროცენტო შემოსავლების ზრდამ და საბანკო პორტფელის ზრდამ. 


2012 დან 2017 წლამდე ეფექტიანობის ზრდის შედეგად საბანკო სექტორის მოგება გაიზარდა დაახლ. 120 მლნ ლარით. ეფექტიანობის გაუმჯობესების ძირითადი მამოძრავებელი ძალას ბანკებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და საბანკოს სექტორის კონსოლიდაცია წარმოადგენდა. ამ ფაქტორებმა ბანკებს ხარჯების უფრო ეფექტიანი მართვის საშუალება მისცა. მნიშვნელოვნად გაიზარდა დისტანციური მომსახურების წილი საბანკო მომსახურებაში, რამაც შეამცირა დამატებითი თანამშრომლების დაქირავების და ფილიალების გახსნის საჭიროება. ხარჯების უფრო ეფექტიანი მართვა ასევე აისახა სესხებზე საპროცენტო განაკვეთებში (იხ. საპროცენტო განაკვეთების ცვლილება). 


2012-2017 წლებში საკრედიტო პორტფელი გაიზარდა 8.5 მლნ ლარიდან 21.9 მლნ ლარამდე (იხ. დაკრედიტება).   სასესხო პორტფელის ზრდამ ამ პერიოდში საბანკო სექტორის მოგების დაახლ. 526 მლნ ლარით ზრდა გამოიწვია. 
ახალი პროდუქტების დანერგვამ და არასაპროცენტო შემოსავლების ზრდამ მოგება 393 მლნ ლარით გაზარდა. ბანკების არასაპროცენტო შემოსავლები 2012 წლისათვის 374 მლნ ლარს შეადგენდა (აქტივების 2,8%) ხოლო 2017 წლისათვის 767 მლნ ლარს (აქტივების 2,5%).


ამ პერიოდში მოგებაზე დადებითად მოქმედებდა აქტივების ხარისხის გაუმჯობესება. 2012 წლისათვის სესხებზე დარეზერვების ხარჯი შეადგენდა 326 მლნ ლარს, ხოლო იგივე მაჩვენებელი 274 მლნ ლარი იყო (2012 წელთან შედარებით 52 მლნ ლარით ნაკლები). სესხების პორტფელის ზრდის ტემპის გათვალისწინებით, ჯამურად აქტივების ხარისხის გაუმჯობესების გამო საბანკო სექტორის მოგება 132 მლნ ლარით გაიზარდა. 

ჩვენ შესახებ
[email protected]
გაწევრიანდი