არა-პროფილური აქტივების ფლობა ბანკების მიერ

სხვა 26-04-2018 484

საკანომდებლო ცვლილება

საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით 2017 წლის დეკემბერში განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები. აღნიშნული ინციატივა პირდაპირ უკრძალავს საბანკო სექტორს არასაფინანსო სექტორში მოღვაწე კომპანიების ნებისმიერი ოდენობით წილის ფლობას, ამასთან ეროვნულ ბანკს ენიჭება გაზრდილი უფლებები საფინანსო ინსტიტუტის მფლობელი ჰოლდინგური კომპანიის რეგულირების კუთხით.


როგორც ზემოთ არის ნახსენები, აღნიშნული კანონის მიხედვით, ეროვნულ ბანკს ეძლევა უფლება, რომ განახორციელოს ბანკის მფლობელი ჰოლდინგური კომპანიების ზედამხედველობა. ეს გულისხმობს ბანკის მფლობელებთან დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას და ჯგუფის დონეზე  დამატებითი მოთხოვნების დაწესებას. მსგავსი ტიპის რეგულაცია საშუალებას მისცემს ეროვნულ ბანკს, რომ უკეთ განახორციელოს საბანკო სექტორის ზედამხედველობა და მოახდინოს ჯგუფის დონეზე ყველა იმ რისკის იდენტიფიცირება, რასაც შესაძლოა საბანკო სექტორის სტაბილურობაზე ჰქონდეს გავლენა.


ამასთან, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, კომერციულ ბანკს მოსთხოვოს მფლობელობის სტრუქტურის შეცვლა ან გამიჯვნა, იმ შემთხვევაში თუ მფლობელობის სტრუქტურა ართულებს ზედამხედველობას ან საფრთხეს უქმნის საფინანსო სექტორის სტაბილურ და ჯანსაღ ფუნქციონირებას. 


ზემოთ აღნიშნული ცვლილებების ფონზე, ეტაპობრივად დაიწყო ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგის გაყოფა საბანკო და საინვესტიციო საქმიანობად. კერძოდ, „საქართველოს ბანკის ჯგუფი“, რომელიც მოიცავს საბანკო და არასაბანკო მიმართულებას, ეტაპობრივად ორ დამოუკიდებელ კომპანიად გაიყოფა. ჯგუფის ინფორმაციით, გაყოფის  პროცესი 2018 წლის მაისის ბოლოსათვის უნდა დასრულდეს. შედეგად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი იქნება „საქართველოს ბანკი“ და „საქართველოს კაპიტალი“ ნაცვლად აქამდე არსებული საქართველოს ბანკის ჯგუფისა.  აღნიშნული გადაწყვეტილება უზრუნველყოფს საბანკო სექტორის გამჭვირვალობის ზრდას და შეამცირებს ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებულ რისკებს.


შესაბამისად, 2018 წლის მაისის თვიდან, საბანკო სექტორის არც ერთ წარმომადგენელს არ ექნება არაპროფილური აქტივები.


საერთაშორისო პრაქტიკა


საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბანკო სექტორის მიერ არაპროფილური აქტივების ფლობა, შესაძლოა გარკვეული ტიპის რისკებს წარმოქმნიდეს.


არაპროფილური აქტივების ფლობა შესაძლოა ასოცირდებოდეს ბანკის საქმიანობის ნაკლებ გამჭვირვალობასთნ, ამასთან იზრდება ფინანსური და რეპუტაციული რისკების გავრცელების საფრთხე არასაფინანსო ბიზნესიდან საფინანსო ბიზნესზე, თუ ისინი ერთი ჯგუფის წევრები არიან. ბანკის მიერ სხვა სექტორში მოღვაწე კომპანიის ფლობამ შესაძლოა ასევე გაზარდოს ინტერესთა კონფლიქტი ჯგუფის შიგნით და საფრთხე შეუქმნას საბანკო ინსტიტუტის ეფექტიან საქმიანობას. 


სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება განსხვავდება ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების რეგულირების კუთხით. ევროკავშირის ქვეყნებში სავალდებულოა წევრ ქვეყნებში ფინანსური ჯგუფის დონეზე კაპიტალის ადეკვატურობის, ლიკვიდობის, დაკავშირებული მხარეების ტრანზაქციებთან, მსხვილ რისკებთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ლიმიტების შესრულება. აშშ-ის შემთხვევაში ბანკის ჰოლდინგურ კომპანიას ან მის შვილობილ საწარმოებს ეკრძალებათ ნებისმიერი სახის წილის ან ხმის უფლების მქონე ფასიანი ქაღალდის ფლობა ნებისმიერ სხვა საწარმოში, გარდა საბანკო საქმიანობისა. ისრაელში არასაფინანსო კორპორაციას ეკრძალება ფინანსური ინსტიტუტის 10%-ზე მეტი წილის ფლობა. გარდა ამისა, არასაფინანსო კორპორაციას, რომელიც ფლობს საფინანსო კორპორაციის წილის 5%-ზე მეტს, ეკრძალება ფინანსურ ორგანიზაციაში მაკონტროლებელი წილის ქონა. სამხრეთ კორეაში კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ არასაფინანსო კომპანიის აქციების 15%-ზე მეტი წილი ფლობა.


საბანკო სექტორის მიერ არაპროფილური აქტივების ფლობა საქართველოს შემთხვევაშიც ბოლო პერიოდის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს წარმოადგენს.


ალტერნატიული ხედვა

საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, არასაბანკო ინდუსტრიებში კაპიტალის მოზიდვა განვითარების მნიშვნელოვანი შემაბრკოლებელი ფაქტორია. ამ ფაქტს ხაზს უსვამს ისიც, რომ საქართველო იმყოფება 131 ადგილზე 137 ქვეყანას შორის, კაპიტალზე წვდომის კუთხით მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის 2017-2018 ანგარიშის“ მიხედვით (იხ. საერთაშორისო რეიტინგები).


საბანკო სექტორის ორი მსხვილი მოთამაშე არის განთავსებული ლონდონის საერთაშორისო ბირჟაზე. ეს ნიშნავს გამარტივებულ წვდომას კაპიტალზე. ასევე ორივე მოთამაშე გამოირჩევა საუკეთესო კორპორაციული მართვით და მაღალი გამჭირვალეობით. 


საქართველოს არასაბანკო სექტორში კომპანიების უმეტესობას ხელი არ მოუწვდება კაპიტალზე და ასევე ვერ აკმაყოფილებს მსგავს მაღალი დონის სტანდარტებს.


ქვეყნის მასშტაბით კაპიტალზე გართულებული წვდომიდან გამომდინარე, უფრო შედეგიანი ხომ არ იქნებოდა, ბანკების ზემოთ აღნიშნული უპირატესობის გამოყენება და მათთვის არასაბანკო სექტორში ინვესტირების შესაძლებლობის დატოვება. ამასთან ბანკების მიერ არასაბანკო სექტორში ინვესტირებასთან დაკავშირებული რისკების შემსუბუქება შესაძლებელია კონკრეტული ბანკების დონეზე დამატებითი რეგულაციების შემოღებით და არა ამ შესაძლებლობის სრული აკრძალვით.


ამ კონტექსტში საინტერესოა იაპონიის და სამხრეთ კორეის გამოცდილება. იაპონიაში ე.წ. „კერეიცუ (kereitsu)“-ს მაგალითზე. კერეიცუ წარმოადგენს კომპანიების კავშირს საერთო მფლობელებით, რომელთა ცენტრში საფინანსო ინსტიტუტი დგას. ამ ტიპის კონგლომერატები დომინირებდნენ იაპონიის ეკონომიკაში 20 საუკუნის მეორე ნახევარში და ქვეყნის ინდუსტრიალიზაციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ. იაპონიაში დღემდე არის პრაქტიკა საბანკო და არასაბანკო მიმართულების ერთ ჯგუფში ფუნქციონირების.


 მსგავსი მოდელი იყო მიღებული სამხრეთ კორეის შემთხვევაშიც, განვითარების პირველ ეტაპზე (1950-იან წლებში) კორეის ეკონომიკა წარმოადგენდა მცირე აგრიკულტურულ ეკონომიკას, რომლის ინდუსტრიულ ეკონომიკად გადაქცევაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ბანკებთან ახლოს ასოცირებულმა კონგლომერატებმა*. ამ ტიპის მოთამაშეებმა შეძლეს კორეის საექსპორტო პოტენციალის განვითარება და აზიის ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ეკონომიკად ქცევა. ასევე აღსანიშნავია, რომ ბანკების მიერ რეალურ სექტორში კაპიტალის ინექცია ევროპულ ქვეყნებშიც გავრცელებული პრაქტიკა იყო, მაგალითისთვის გერმანულ ბანკებს გააჩნდათ გრძელვადიანი ინტერესი ისეთ ინდუსტრიულ ჯგუფებში, როგორებიცაა „Daimler-Benz”  და Thysse**.  


აღნიშნული სტრატეგია განსაკუთრებით სასარგებლო ხომ არ იქნებოდა ქვეყნისათვის გარდამავალ ეტაპზე, როდესაც კონკრეტული ინდუსტრიების განვითარებისათვის კაპიტალზე წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საქართველოს საექსპორტო პოტენციალის განვითარება და დღეისათვის არსებული უარყოფითი სავაჭრო სალდოს გამოსწორება საკმაოდ რთული მისია იქნება მსხვილი კონგლომერატების მიერ ინვესტიციების განხორციელების გარეშე.  ამ ხედვიდან გამომდინარე, უფრო გამართლებული ხომ არ იქნებოდა, მსგავსი ტიპის აკრძალვის შემოღება შემდგომ ეტაპზე, როდესაც გაიზრდებოდა რეალურ სექტორში მოთამაშეების რაოდენობა, რომლებიც დამოუკიდებლად შეძლებდნენ კაპიტალის მოზიდვას.




*ასეთი ტიპის მსხვილ კონგლომერატებს სამხრეთ კორეაში „chaebol”


**წყარო: BIS, https://www.bis.org/review/r000626b.pdf


სტატიის მომზადებისას გამოყენებულია პუბლიკაცია: „ფინანსური ჯგუფების ზედამხედველობა და რეგულირება“, თეონა კონტრიძე, „ეკონომიკა და საბანკო საქმის“ ,ტომი 5, N1, 2017 წელი

ჩვენ შესახებ
[email protected]
გაწევრიანდი